logo
ENG



"გამომიშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი" - 5 ივლისზე ბრალდებული რატი წვერავაზე

22 თებ 202214:06
3 წუთის საკითხავი
 
ინტერპრესნიუსი

5 ივლისის სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი ნასყიდაშვილმა ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას დაემუქრა და უთხრა: "გამომიშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი".

რატი წვერავა ერთ-ერთი ჟურნალისტია, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე ძალადობრივმა ჯგუფმა სცემეს. მას სასამართლოში მოწმის სახით კითხავდნენ. 

სხდომაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც რატი წვერავამ განაცხადა, რომ 5 ივლისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად წავიდა, სადაც აქციის წარმომადგენლების უმრავლესობის განცხადებები იყო ძალადობრივი. წვერავამ ჩვენებისას თქვა:

"ჩვენ არაკაცებს არ ვაშუქებთ. ძალადობრივი მოწოდებების მქონე ადამიანებს არ ვაშუქებთ ეთერში", - რასაც იქვე მსხდომი ბრალდებულების მხრიდან აგრესია და შეძახილები მოყვა. 

ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი ნასყიდაშვილმა განაცხადა:

"არაკაციც ხარ და უნამუსო... გამომიშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი კიდე, მიმიშვით ამ არაკაცთან. რატო გვაყენებ შეურაცხყოფას? დაკეტილ ხალხს შეურაცხყოფას გვაყენებ. 7-8 თვეა აი, ასეთი პიროვნებების გამო ვზივარ ციხეში. ამ ვიგინდარას რომ შემოვარტყამ და მოძალადე მერე მე ვარ და ეს არის ანგელოზი. მოდის და არაკაცს გვიწოდებს".

2021 წლის 5 ივლისს რატი წვერავა პარლამენტთან მეუფე იოანე გამრეკელისთვის კითხვის დასმას ცდილობდა, როდესაც მისმა თანმხლებმა პირებმა სცემეს. 

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს.


close დახურვა